ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციები გამკაცრდება
ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციები გამკაცრდება

ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციები გამკაცრდება, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ მსგავს ქმედებაზე კი პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები.

„სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს. ეს საკანონდებლო ცვლილება მნიშვნელოვანია, რათა თავი დავიზღვიოთ ასეთი შემთხვევებისგან და კანონი იქნას გამკაცრებული. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოს პარლამენტს მიმართა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს.

„მგონია, რომ რეგულაციებით შესაძლებელი იქნება პირველ რიგში ცხოველების გადარჩენა და მეორეც – ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.