კახა კუჭავა - ამაყები ვართ, რომ ხალხსა და ქვეყანას იცავს სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი ქართული ჯარი
ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თავდაცვის ძალები ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე დროს, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, საერთაშორისო პარტნიორების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, გამორჩეული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარევ, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებო, პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ და თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს თავდაცვის ძალების დღე.
მიმდინარე წელს, ისტორიულ თარიღებს ვზეიმობთ. 30 წლის წინ, თაობათა ერთობლივი ძალისხმევისა და თავდადების შედეგად, საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის რთულ გზას შეუდგა. მას შემდეგ, რაც საქართველო არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, გავაცნობიერეთ ჩვენი ქვეყნისთვის ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობა. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თავდაცვის ძალები ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, გამორჩეული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ამასთან, კახა კუჭავას თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
„დღეს, ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ, ხალხსა და ქვეყანას იცავს სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი.
საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქვეყნის თავისუფლების იდეას და საერთაშორისო უსაფრთხოებას შესწირეს – ქედს ვიხრი მათი თავგანწირვის წინაშე. მათი ღვაწლის უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია. ქალბატონებო და ბატონებო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, ოკუპაციის შედეგები კი მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას, იზრდება საფრთხეები და მათი მასშტაბები. მუდმივად გვიწევს ინფორმაციულ და სხვა სახის ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავება. ამ პირობებში ხალხს განსაკუთრებით ეიმედება თავდაცვის ძალები, რომ შევძლებთ ჩვენი სახელოვანი გმირების მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას – ჩვენი ქვეყნის ერთიანი ძალისხმევით დაცვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მადლობას გიხდით თავდადებისა და სამშობლოს მიმართ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.