კახა კოჟორიძე ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს
ჩვენ მიზანმიმართულად არ შევდივართ მსგავსი ტიპის კინკლაობაში და არ ვპასუხობთ ასეთ კომენტარებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კომენტართან დაკავშირებით განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ბოლომდე იზიარებს სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომლის წინაშეც დგას მთელი ქვეყანა.
„რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი რომელიმე თავის თანამშრომელს დაასახელებს, ასეთ ტიპის კინკლაობაში ჩვენ მიზანმიმართულად არ შევდივართ, არ ვპასუხობთ ასეთი ტიპის კომენტარებს, რადგან აბსოლუტურად ბოლომდე ვიაზრებთ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ თითოეული ჩვენგანი და მთლიანად ქვეყანა. აქედან გამომდინარე, არ გვინდა ასეთი ტიპის შეფასებებზე პასუხები, რომ მერე გამოიწვიოს პასუხის პასუხი და ამან მთლიანობაში არ დააზიანოს ის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გვინდა, რომ ძალიან კარგად წარვმართოთ. როგორ წარიმართება და რა შედეგს მოგვცემს პროცესი, ეს შევაფასოთ ბოლოს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისი შეფასებით, პროცესი ისეთი შედეგით წარიმართება, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება.
აღნიშნული კომენტარი კახა კოჟორიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კონსულტაციების მორიგი რაუნდის დაწყებამდე გააკეთა. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მხრივ პესიმიზმი არსებობს, რომელიც მოსამართლეების გამწესებაში პრეზიდენტის მონაწილეობას უკავშირდება.