კახა კოჟორიძე - არ მომწონს არც ნიკა გვარამიას განცხადება და არც პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
კახა კოჟორიძე - არ მომწონს არც ნიკა გვარამიას განცხადება და არც პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

არ მომწონს ისეთი განცხადებები, როგორიც ნიკა გვარამიამ გააკეთა და ასევე არ მომწონს, რა გამოხმაურებაც მოჰყვა ამას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

„მედიასთან მიმართებით მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მას გაფრთხილება სჭირდება. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მედია დამოუკიდებელთან ერთად, სამართლიანი და ობიექტურიც იქნება.

ამ შემთხვევაში, მე როგორც მოქალაქეს, არ მომწონს ისეთი ტიპის განცხადებები ,როგორიც გააკეთა ბატონმა ნიკა გვარამიამ და ასევე არ მომწონს ამ ფეისბუქ პოსტს რა გამოხმაურებაც მოაყოლა პარლამენტის თავმჯდომარემ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამასთან, როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, არ არის სწორი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას მოსაზრებაზე პოზიცია არ დააფიქსირეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა იმის გამო, რომ კონკრეტული პირის, ნიკა გვარამიას მოსაზრებაზე რატომ არ გამოხვედი ასე სწრაფად და რაღაცა პოზიცია არ დააფიქსირე, ვფიქრობ, იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობაშიც ახლა ვიმყოფებით და რა თემებიც ახლა მუსირებს, წინასაარჩევნოდ ვფიქრობ, არ იქნება სწორი. ზოგადად მათი კრიტიკა, ვინც ცდილობს, რომ ობიექტური შეფასება გააკეთოს, არის არასწორი. საკითხის გადატანა მნიშვნელოვნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე არ არის სწორი“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა არგუმენტირებული უნდა იყოს.

„გასაგებია, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ეს კრიტიკა ვისურვებდი, რომ იყოს უფრო არგუმენტირებული. გავრცელებული განცხადების გამო, ამ ძალიან ავტორიტეტულ 13 ორგანიზაციას დაუძახო 13 კაცისა და ქალის ორგანიზაცია, ვფიქრობ, ძალიან დიდი უსამართლობაა“, – განაცხადა კოჟორიძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას  განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე არ გამოხმაურებიან.

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.