კახა კახიშვილი - ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე, რომ გავაანალიზოთ, რა ხდება „საქართველოს ბანკის“ ირგვლივ, ვფიქრობ, არაფერი მოუვათ ბანკებს, თუ დაცვის აყვანას დავავალდებულებთ
დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პოლიციელებს ქუთაისში საპოლიციო ღონისძიების წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მეტი ქმედითი რეგულაციები შემუშავდება, რითაც ქართულ პოლიციას, სპეცსამსახურებსა და უსაფრთხოების სამსახურებს კრიმინალთან ბრძოლაში ხელს შეუწყობენ.
„ნამდვილად შეიძლებოდა, რომ უჭკუო ხელისუფლებისა და შსს მინისტრის პირობებში, გუშინდელი დღე ძალიან მძიმედ დასრულებულიყო. მთელი საქართველო ვადევნებდით თვალს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად შეწუხებული იყვნენ ადამიანები, ვინც მძევლებად იყვნენ აყვანილი, მათი ნათესავები და ორმაგად პოლიცია, რადგან მათზე ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ადამიანების მშვიდობით გათავისუფლებისთვის. გუშინ უბრალოდ გადავხედე სოციალურ ქსელებს და არ ვიცი, რა გვჭირს. უკვე იმაზეც კი მივიდნენ, თითქოს იმიჯის გამოსასწორებლად ვიღაცა ადამიანი იპოვეს, რომელმაც 25-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ ვიღაცას იმიჯი გამოუსწორდეს. რა სჭირს გომელაურს იმიჯის გამოსასწორებლად, არც იმიჯი აკლია, არც კაცობა და არც ღირსება.
კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ყველა პოლიციელს და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ვიდრე გვაქვს საშუალება და ბერკეტები, ალბათ მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს პოლიციას, სპეცსამსახურებს, უსაფრთხოების სამსახურებს, სასჯელაღსრულებას, სამართალდამცავ სისტემას, რომ ქმედითი რეგულაციები შევაშველოთ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, რადგან ასეთი ლიბერალიზაცია, რაც ბოლო პერიოდში ხდება – ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, სამწუხაროდ, ტენდენცია ისე გაგრძელდა, რომ ევროპის ქვეყნებიც კი აღარ არის უსაფრთხო. ვისაც შეხება ჰქონია, იცის, რამდენად რთული მდგომარეობაა. ამიტომ ჩვენ ალბათ ისეთი პაკეტი უნდა შევუმუშაოთ, რომ ერთი მხრივ, გაუმჯობესდეს პოლიციელებისა და სპეცსამსახურის თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, ვიღაცას შემდეგ რომ არ გაექცეს ძალაუფლების კუთხით გული, ჩაკეტილად მოვაქციოთ ის რეგულაციები, რაც პოლიციას მეტად ქმედითად გახდის. კრიმინალიც იხვეწება, მათაც რაღაც ახალი ბერკეტები აქვთ, კომუნიკაციის საშუალებები აძლევთ შესაძლებლობას, რომ მეტი ქმედება განახორციელონ და ჩვენც ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე იმის გასაანალიზებლად, თუ რა ხდება „საქართველოს ბანკის“ ირგვლივ. მისივე თქმით, არაფერი დაშავდება, თუ სახელმწიფო ბანკებს რეგულაციის საფუძველზე დაცვის სამსახურის აყვანას დაავალდებულებს.
„მინდა, მოგმართოთ თხოვნით და ალბათ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე, რომ გავაანალიზოთ, რა ხდება „საქართველოს ბანკის“ ირგვლივ, რადგან რეალურად, ეს არის დაწესებულებები, სადაც დიდი ფული ინახება. გასაგებია, რომ ფული არის დაცული, დაზღვეული აქვთ, მაგრამ ამასობაში დაცვას არ იყენებენ, რადგნ ხარჯები არ გაწიონ და ახლა ამ სოციალური პირობების ფონზე, ძალიან ადვილი საქმეა – ვიღაცას თვალი გაექცევა, შედის ბანკში, სადაც არც დაცვაა, არაფერი. ერთია, რომ დანაშაულს სჩადის, მეორეა, რომ უბედურებაში მივდივართ, ხოლო მესამეა, რომ ასეთ ვითარებაშია ხალხი. ვფიქრობ, არაფერი მოუვათ ბანკებს, თუ რაღაც რეგულაციით დავავალდებულებთ, რომ სავალდებულო გახდეს დაცვის აყვანა, რაც ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება. ყველაფრის ასე მიშვება არ შეიძლება. ახლა ეპიზოდურად ვსაუბრობ ბანკთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ბანკი არ არის, რაღაცა წინ და წინ უნდა წავიწიოთ, რათა ჩავკეტოთ ხვრელები, რითიც სარგებლობენ კრიმინალები“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.