კახა კალაძე - თუ ვინმე ფიქრობს, რომ თბილისის ესტაკადის პროექტის გაუმჯობესება შესაძლებელია, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა
არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები, თბილისში, ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერისთვის გაუგებარია.
საუბარია იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობაზე, რომლის შეჩერების მოთხოვნით დღეს მოქალაქეთა ჯგუფმა აქცია გამართა.
როგორც თბილისის მერი ამბობს, თუ მოქალაქეებს აღნიშნულ საკითხზე შენიშვნები და მოსაზრებები აქვთ, შეუძლიათ, მერიას მიმართონ.
„ეს არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ლოკაცია, რომლის განტვირთვაც ამ პროექტით იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი ფაზა, რომელიც განხორციელდება. თუ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ პროექტის გაუმჯობესება შესაძლებელია ან აქვთ რაიმე სიახლე, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.
ყოველთვის იმით ვამაყობთ და ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ მოქალაქეებთან ურთიერთობით. სხვათა შორის, ბევრი რეფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციით ხორციელდება, ეს არის სხვადასხვა ადამიანის, ექსპერტის ჩართულობით, ასე რომ ძალიან უცნაურია, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს.
ჯერ იყო და თავიდან დაიწყეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს იპოდრომზე მიმდინარეობდა ამ პროექტის განხორციელება, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. ეს არის პროექტი, რომელიც კონკრეტულად იმ ლოკაციაზე შეძლებს განტვირთოს მოძრაობა. ეს, რა თქმა უნდა, ქალაქში საცობის პრობლემას ვერ მოაგვარებს, ესეც მათი მხრიდან იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ამ პროექტით შევძლებდით ჩვენ საცობების მოგვარებას ქალაქში, ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ ეს არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც იმ კონკრეტულ ლოკაციაზე შეძლებს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არა ესტაკადას – იპოდრომი ჩვენია!“, – ამ სლოგანით აქცია იპოდრომის პარკში გაიმართა.
აქციის მონაწილეები იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის დაწყების შეჩერებას ითხოვენ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა იწყება. მისი თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით ორი მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდება და დასრულებას ხუთი თვე დასჭირდება.
როგორც მერმა აღნიშნა, მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.