„არა ესტაკადას - იპოდრომი ჩვენია!“ - ამ სლოგანით იპოდრომის პარკში აქცია გაიმართა
„არა ესტაკადას - იპოდრომი ჩვენია!“ - ამ სლოგანით იპოდრომის პარკში აქცია გაიმართა

„არა ესტაკადას – იპოდრომი ჩვენია!“, – ამ სლოგანით აქცია იპოდრომის პარკში გაიმართა.

აქციის მონაწილეები იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის დაწყების შეჩერებას ითხოვენ.

მოქალაქეებმა დედაქალაქის მერიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს პროექტი, ვინაიდან მათი თქმით, არ არსებობს არანაირი დასკვნა, რომ სამშენებლო სამუშაოები იქ მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.

აქციაზე შეკრებილების თქმით, უკეთესი იქნება, თბილისის მთავრობამ იპოდრომის, როგორც რეკრეაციული ზონის განვითარებაზე იზრუნოს.

„ვფიქრობთ, ეს არის გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი პროექტი, წინასწარი კვლევა არ ჩატარებულა. ჩვენ არ გვაქვს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ესტაკადის მშენებლობა ქალაქში საცობების პრობლემას მოაგვარებს, არამედ პირიქით, ევროპული ქალაქების გამოცდილების გათვალისწინებით, ეს პრობლემას გააუარესებს. ეს გზები და ესტაკადები ქმნის უფრო მეტ საცობს და ჯამში უფრო მეტი საცობი და პრობლემა შეიქმნება ქალაქში.

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ შეჩერდეს ეს პროექტი, არ გვაინტერესებს დაწყებულია თუ არა, მოუხერხებელია თუ არა მისი გაჩერება, თბილისის მერიაში უკვე მოახერხეს სამი მილიონი ლარის, ჩვენი აზრით, არამიზნობრივად გახარჯვა და შესაბამისად, აუცილებელია, შეაჩერონ ეს პროექტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ცვლილებები შეიტანეს პროექტში. ჩვენ არ გვაინტერესებს არაფერი იმის გარდა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ამ ესტაკადის მშენებლობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა იწყება. მისი თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით ორი მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდება და დასრულებას ხუთი თვე დასჭირდება.

როგორც მერმა აღნიშნა, მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.