კახა კალაძემ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ განაცხადა, რომ სადგური დეტალურად შემოწმდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
„შეფასება ჯერ ადრეა – ერთია ვიზუალური შეფასება და მეორე, დეტალურად მოხდეს მისი შემოწმება“, – აღნიშნა კახა კალაძემ მეტროსადგურში ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის მერმა მეტროს ქვედა ვესტიბიული დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც იმავე კომპანიამ – შპს „ყვარელრემმშენმა“ განახორციელა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შეკიდული ჭერი დაამონტაჟა.
„ჩვენთან ერთად იმყოფებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად მოხდება შესწავლა, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე ვარკეთილის და ყველა იმ სადგურის პროექტების, რომელიც წარმოდგენილი აქვს შესაბამის კომპანიას. ყველა იქნება თავიდან ბოლომდე გავლილი, შესწავლილი, რომ ყველანაირი საფრთხე იყოს თავიდან აცილებული.
თქვენ იცით, რომ დაანონსებული გვაქვს მეტროსადგურების განახლება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ასევე, ვაგონების განახლება, ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის შემადგენლობების შემოყვანა და შესაბამისად, ის, რაც დღეს მოხდა, თავიდან უნდა იყოს აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამშენებლო ნაწილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვარკეთილის მეტროში მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„ვისი პასუხისმგებლობაა, ამას დაადგენს გამოძიება – მე არა ვარ იურისტი, შესაბამისად, რაიმე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.
ფაქტი არის სახეზე, სექტემბერში ჩაბარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც იქნა კონკრეტულად ამ კომპანიის მხრიდან წარმოებული, უხარისხოდ იყო ჩატარებული. 14 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული. მათ უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები. ვის გამო მოხდა ეს დღეს? უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მარტო სამშენებლო კომპანიის თემა, რა თქმა უნდა, აქ არ არის. ასევე, პროექტის მიმართულებით, ზედამხედველობის თვალსაზრისით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, როდესაც ტენდერი მიმდინარეობდა, კომპანია არ იყო შავ სიაში.
„არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ეს კომპანია, როდესაც ტენდერი მიმდინარეობდა არ იყო შავ სიაში, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას, ავტომატური დაიბლოკებოდა, ელექტრონული სისტემა არ მისცემდა ამის შესაძლებლობას. 2015 წელს იყო შავ სიაში ეს კომპანია, თუმცა, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა 2016 წელს და მაშინ, როდესაც ტენდერი იყო გამოცხადებული, არსებული დოკუმენტაციით, კომპანია არ იმყოფებოდა შავ სიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, დადგება თუ არა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერს პასუხს გამოძიება გასცემს.
„ახლა ვერ გავაკეთებ ვერავისზე მითითებას, ვერ ჩავერევი შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დაველოდოთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.