კახა კალაძემ ლირთქიფანიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
სამგორის რაიონში, გიგონ ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერი ადგილობრივებსაც შეხვდა და დაჰპირდა, რომ უახლოეს პერიოდში, ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა.
„აქ, წლების განმავლობაში, გზა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მოხდა კანალიზაციის მილების ცვლილება, სანიაღვრეების მოწესრიგება და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გზის საფარიც დაიგება. ასევე მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებს, მათ მიიღეს ჩემგან დაპირება, რომ აქვე ახლოს მოეწყობა სკვერი ბავშვებისთვის, რომელიც იქნება გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო.
ასევე მათ აქვთ პრობლემები, რომ მიმდინარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომლებიც ღამის საათებში მუშაობენ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამასაც აუცილებლად დავარეგულირებთ და მოვაწესრიგებთ, ასე, რომ მნიშვნელოვანია, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მთელი ქალაქის მასშტაბით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ღირებულება 23 0000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.