კახა კალაძემ დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები მოინახულა [ფოტო]
თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები სასტუმროებში მოინახულა და დახმარებას დაჰპირდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმრო „შაინში“ 45 ადამიანია მოთავსებული, ხოლო „ტეხასში“ 19 ადამიანი.
„70-მდე ოჯახი დაკმაყოფილებულია სხვადასხვა ადგილზე. კონკრეტულად სასტუმრო „შაინში“ 45 ადამიანი არის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასტუმროს დამფუძნებელს, ხელმძღვანელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, თანადგომისთვის, რადგან სრულიად ანაზღაურების გარეშე შეიფარეს ეს ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მსიამოვნებს, როდესაც სოლიდარობის გრძნობა არსებობს“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია და გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ პრობლემა არ შეექმნათ.
„როგორც კი მოგვცემენ შესაძლებლობას, საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ შევიდეთ და დავიწყოთ აღდგენითი სამუშაოები, მთლიანად გარემონტებულს ჩავაბარებთ ამ ადამიანებს საკუთარ საცხოვრებელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეზე დღეს სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი, მშენებლები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოკითხეს.