კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესსაქმიანობისთვის ჯიხური გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესსაქმიანობისთვის მზიურის პარკში​ ჯიხური  გადასცა.

პატარა ბიზნესმენმა ჯიხურის სახელი თბილისის მერთან ერთად შეარჩია. „გიგის წვენები“ მუშაობას ხვალიდან დაიწყებს, თუმცა მანამადე გიგიმ ახალდაწურული წვენი მზიურში შეკრებილ სტუმრებს დააგემოვნებინა.

„გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი, რათა მან შეძლოს საქმიანობის წარმართვა. უახლოეს დღეებში შეუდგება თავის საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გახარებული და ძალიან კმაყოფილია. მინდა, მას ყველა წამოწყებაში გულწრფელად წარმატებები ვუსურვო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

15 წლის ბიჭის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე 28 მარტს ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გიგი ანთაძეს ცერებრალური დამბლა აქვს, წლებია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის და გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციებმა შესაძლოა, მას გარკვეული პრობლემები შეუქმნას. კალაძემ თავის მოადგილეს დაავალა, გიგი ანთაძეს მაქსიმალურად დახმარებოდნენ.