კახა კალაძე - ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი
ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა. ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე წერს.
„ზაზა სახლში ბრუნდება. სიმწარენარევი სიხარულია. მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი. ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა.
დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.