კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციები შესრულდეს, ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში, არის ოპოზიცია
საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კალაძის თქმით, ოპოზიცია არ მონაწილეობს არცერთ განხილვაში, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ეხება.
„არ ვიცი, რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს ოპოზიციაა. არცერთ განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ“, – განაცხადა კალაძემ.