ანალენა ბერბოკი - ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას
ანალენა ბერბოკი - ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„საქართველომ დაიკავა მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომთან დაკავშირებით. მოსახლოების უმეტესობა მიისწრაფის ევროკავშირისკენ. კვლევების თანახმად, ქართველების 80 პროცენტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, საქართველოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა თავად ანალენა ბერბოკმაც.

„საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი მკაფიო მიზნად აქვს განსაზღვრული. ბოლო კვირებში ისინი ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, როდესაც მართავდნენ დემონსტრაციებს პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის აცდენის მცდელობებს პროევროპული კურსიდან. ამ კურსს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას შიგნიდან და გარედან. მე თბილისში მთავრობასთან ვისაუბრებ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს გადასადგმელი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემასთან ერთად, ეს არის მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებით საზოგადოებრივი დებატების  შენარჩუნება, მაშინაც კი, თუ შეხედულებები ზოგჯერ განსხვავებულია. ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ეს ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ: აქ შეუძლებელია იყოს მოკლე გზა ან შეღავათები“, – ნათქვამია საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ანალენა ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, ბოლო კვირებში საქართველო მოხვდა გერმანული და საერთაშორისო მედიის სათაურებში. ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა დაგეგმილი კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობას სურდა, დაერეგულირებინა არასამთავროვო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება. რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია. გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები იყვნენ წამყვანი ძალა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ასევე გაესაუბრება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს თემაზე – „როგორ ხედავენ ახალგაზრდა ქართველები რუსეთთან უშუალო სიახლოვეში მყოფი სამხრეთ კავასიის ქვეყნის მომავალს“.

„ქართველებს მათ მეზობელ ქვეყანასთან ტურბულენტური ისტორია აქვთ – ისინი იყვნენ საბჭოთა კავშირის ნაწილი 1991 წლამდე. რუსეთსა და საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობა დაძაბულია ასევე იმიტომ, რომ რუსეთი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლით საქართველოს ეკუთვნის. საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ ხაზს, რათა პირადად ნახოს ის. ადმინისტრაციულ ხაზზე სიტუაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება. ეს მისია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სტაბილურობაში შეტანილი თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წვლილი – გერმანია ევროკავშირის მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორია“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.