მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვინც მართლა ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.
„ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის.
წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
მინდა, მას მივულოცო ეს გამარჯვება თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, მიმდინარეობს დათვლის პროცედურები.
20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები, უკვე რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოაცხადებს ცესკო ამასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს. „ფსიქო პროექტის“ კვლევების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.