კახა კალაძე - ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, პროცესის წამოწყებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, საბედნიეროდ, კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, პროცესის წამოწყებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, საბედნიეროდ, კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით საკითხს, ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი.
„ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება – რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. მინდა, საზოგადოებას მივმართო, რომ არ მოტყუვდეთ, მეგობრებო. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა, იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ.
სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები, პირველ რიგში, სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – განაცხადა კახა კალაძემ.