კახა კალაძე - ვფიქრობ, წარმოდგენილი ბიუჯეტი აბსოლუტურად საკმარისია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა განაგრძოს მუშაობა პრობლემების გარეშე
ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი აბსოლუტურად საკმარისია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა განაგრძოს მუშაობა პრობლემების გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე განუცხადა.
კალაძის თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციების საშუალება არავის უნდა მიეცეს.
„დეტალებში შესვლა გამიჭირდება, თუმცა თუ შევხედავთ რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტს, მგონია, რომ ბიუჯეტი, რომელიც დაკორექტირდა და წარმოდგენილია, აბსოლუტურად საკმარისია, რომ მან მოღვაწეობა განაგრძოს ყველანაირი პრობლემების გარეშე. აქ ვერ ვხედავ პრობლემას, თუმცა იქნება პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობები, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, ვინც ამით სპეკულირებას აპირებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.