კახა კალაძე - ვფიქრობ, შევძლებთ, დედაქალაქს დავუბრუნოთ „ლაღიძის წყლები“
კახა კალაძე - ვფიქრობ, შევძლებთ, დედაქალაქს დავუბრუნოთ „ლაღიძის წყლები“

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებების გზით ეცდებიან, თბილისს „ლაღიძის წყლები“ დაუბრუნდეს.

„ეს არის კერო საკუთრება და ვფიქრობ, შევძლებთ, დედაქალაქს დავუბრუნოთ „ლაღიძის წყლები“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ თემის კომენტირებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს გუშინ, „გალერია თბილისის“ გახსნაზე სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს.

„ვისურვებდი, რომ ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მოვახერხოთ და ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ და განვაახლოთ. ეს არის ბევრი თბილისელის სურვილი. ეს მნიშვნელოვანი იქნება ტურისტებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას გუშინვე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს „ლაღიძის წყლებისა“ და ცნობილი სახაჭაპურის გასაახლებლად.