კახა კალაძე - ვფიქრობ, რომ ე.წ. პირბადეების აქცია კრეატიული იყო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციას კრეატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო.
ამის შესახებ კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნის შემდეგ, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ეკოლოგიას, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.