კახა კალაძე - ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს
მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენაზე ყველას მხრიდან იყო თანხმობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მიმართულებები, რომელიც მისი და მისი გუნდის პრიორიტეტები იქნება, არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, საბანკო სფეროში რეგულაციები.
ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში და შევძლებთ, დავძლიოთ პრობლემები, რომელიც აქტუალურია დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, მისი თქმით, აღნიშნულზე კონსულტაციები გუნდში მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი მინისტრთა კაბინეტში.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.