კახა კალაძე - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გადაწყვეტილება, რომელიც მათი მხრიდან იყო მიღებული, სულ მცირე, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს
ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ მცირე, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ისეთი ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი.
„ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც მათი მხრიდან იყო მიღებული, კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი თანამდებობაა, თუ რაღაც მოგონილი თანამდებობა, ადამიანის, რომელსაც სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, მინიმუმ, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისთვის არსებობს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია. უწყებაში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.