კახა კალაძე - უხერხულია, გიგი უგულავას პოლიტიკური პატიმარი დაარქვა, ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კრიმინალები, რომლებიც კონკრეტულ საქმეზე არიან დაკავებული
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
კალაძის თქმით, როცა საქმე ეხება 50 მილიონის მოპარვას, უხერხულია, გიგი უგულავას პოლიტიკური პატიმარი ეწოდოს.
„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია მას დაარქვა პოლიტპატიმარი. უბრალოდ უხერხულია, მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს, გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა. ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეო კადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმარზე საუბარი მართლა ძალიან უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც რაღაც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, სხვა პოლიტპატიმრების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილმა მძევლად აიყვანა იმის იმედით, რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემაზე ვაჭრობით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.