უცხოელი პარტნიორების შეფასებები იყო დაბალანსებული, სხვანაირს არც ველოდი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელსაც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე ჰკითხეს.
კალაძის თქმით, შეფასებები მწვავე არ ყოფილა.
„მწვავე შეფასებებს ვერ ვიტყვი, ჩვენ მწვავე შეფასებები გვახსოვს და გვინახავს ბევრი. ეს იყო მათი მხრიდან გაკეთებული დაბალანსებული შეფასებები. მე, პირადად, სხვანაირს არც ველოდი. რჩევები, რაც იქნა დღესაც გაცხადებული ევროკავშირის ელჩის მიერ, რომ არსებულ საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელია გარკვეული ცვლილებები, ამაზე პარლამენტი მუშაობს და ეს ცვლილებები განხორციელდება. ვფიქრობ, ცვლილებების განხორციელება ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი შეფასებით, ქვეყანას ზიანი არადემოკრატიული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მიადგებოდა.
„ზიანი ქვეყანას იმ შემთხვევაში მიადგებოდა, თუ საარჩევნო სისტემა იქნებოდა არადემოკრატიული. არსებული საარჩევნო სისტემით ზუსტად ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც შეცვალა სააკაშვილის რეჟიმი. იგივე სისტემა იყო, არანაირი განსხვავება არ ყოფილა. ვიღაცისთვის შეიძლება, ერთი უკეთესი ყოფილიყო, ვიღაცისთვის მეორე. მე ვემხრობოდი პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.