კახა კალაძე - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს
ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა.
„ყველა მძღოლმა ძალიან კარგად იცის, რომ პირიქით, ფირის გადაკვრა ინახავს საღებავს, იცავს კენჭებისგან, გაფხაჭნისგან, დაზიანებებისგან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკუთარ ავტომობილზე მაქვს გადაკრული და ვიცი, რამდენად კარგია. ყველა ის ტვირთი და პრობლემა, რაც შეიძლება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ყოფილიყო, ყველაფერი გავითვალისწინეთ. გავითვალისწინეთ არსებული სოციალური მდგომარეობა. ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ყველა ისეთი საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო პრობლემური ყოფილიყო მძღოლებისთვის, ყველაფერი აბსოლუტურად გათვალისწინებულია. ახლა მთავარია, რომ ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდეთ და მანქანა მოწესრიგებული იყოს. ბრენდირებული იქნება „ა“ კატეგორიის ტაქსები. ტაქსი არის ზოგადად ქალაქის სახე, შესაბამისად, იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც წარდგენილი გვაქვს, ტაქსის რეფორმა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ხვალ შეხვდება ტაქსის მძღოლებს, გააცნობს გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ მოისმენს მათ მოსაზრებებს.
ტაქსის მძღოლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა. აღმაშენებლის ხეივნიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობით მივიდნენ და ტაქსების რეფორმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან ავტომობილზე თეთრი ფირის გადაკვრაზე. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ფირის გადაკვრა მათ ავტომობილს დააზიანებს.