ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის შემდეგ, ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის საკრებულოსთან გადაინაცვლებს [ფოტო, ვიდეო]

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის შემდეგ, ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის საკრებულოსთან გადაინაცვლებს.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ თბილისის მერთან დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ.

აქცია დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრაზე. აქციის მონაწილეების თქმით, ფირის გადაკვრა დააზიანებს ავტომობილს, ამიტომ ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

ამასთან, რაც შეეხება თბილისის საკრებულოსთან არსებულ ვითარებას, აქციის მონაწილეები ჯერ არ გამოჩენილან. საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.