კახა კალაძე - ჩემთვის საინტერესოა აშშ-ის ოფიციალური და არა თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრობით გაკეთებული განცხადება
კახა კალაძე - ჩემთვის საინტერესოა აშშ-ის ოფიციალური და არა თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრობით გაკეთებული განცხადება

ჩემთვის საინტერესოა აშშ-ის ოფიციალური და არა თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრობით გაკეთებული განცხადება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, პირადად არ გასცნობია ამერიკელი კონგრესმენის წერილს, თუმცა აღნიშნავს, რომ „დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მიიღებს“.

„მე არ ვიცნობ წერილის შინაარსს, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შედარებებიც კი საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების, თუნდაც ტელევიზიების მიმართულებით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის. ამაზე მეტყველებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ჩემთვის არ არის საინტერესო მისი განცხადება. ჩემთვის საინტერესოა ოფიციალური ამერიკის განცხადება. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და ეს დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრობით გაკეთებული განცხადება ჩემთვის საინტერესო არ არის“,-აღნიშნა კალაძემ.