კახა კალაძე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა მეტისმეტია, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და მკაცრი რეაგირება მოჰყვეს
კახა კალაძე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა მეტისმეტია, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და მკაცრი რეაგირება მოჰყვეს

სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია, მაგრამ დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ეს უკვე მეტისმეტია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც კალაძე ამბობს, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა.

ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.