კახა კალაძე - შეწყალების საკითხზე, მათ შორის კორუფციის მიმართულებით კითხვები არსებობს
კახა კალაძე - შეწყალების საკითხზე, მათ შორის კორუფციის მიმართულებით კითხვები არსებობს

პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე ძალიან ბევრი კითხვა არსებობს,  – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება  შეწყალებების მხრივ შესაძლო კორუფციას, კალაძე აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა კითხვები არის.

შეწყალებებს რაც შეეხება, ბევრი კითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით. კორუფციას რაც შეეხება, გამიჭირდება ამაზე საუბარი, რადგან როგორც ვიცი, გამოძიება ამ მიმართულებით არ დაწყებულა, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მას პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი გამოსვლისთვის არ მოუსმენია.

შეწყალების საკითხზე განცხადება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.