კახა კალაძე - პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მისმენია, მაგის დრო არ მქონდა
კახა კალაძე - პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მისმენია, მაგის დრო არ მქონდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმიანობით იყო დაკავებული.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი რომ პარლამენტიდან გარბის, ეს ცუდია.

„პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მისმენია, მაგის დრო არ მქონდა. მერიის საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ის, რომ პრეზიდენტი გარბის პარლამენტიდან, ცუდია. არ არის ლამაზი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავისი მხრიდან, ასევე პარლამენტის მიმართ და იქ მყოფი ადამიანების მიმართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ წლიური მოხსენებით გამოვიდა. სხდომა დებატების ფორმატში უნდა წარმართულიყო, თუმცა მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან დეპუტატებთან უშუალოდ მათი გამოსვლის დროს დიალოგში შესვლისა და პასუხების გაცემის საშუალება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა და მას პასუხის გაცემის საშუალება დასკვნითი სიტყვის დროს მიეცემოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა.