დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს დრო, როდესაც მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში.
„მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს. ეს თითოეული ჩვენგანის მიღწევაა, რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ერთიანი ძალისხმევით. კარგად გახსოვთ დრო, როცა ერთ ადამიანს ედო, ყველა მედიასაშუალება ჯიბეში. „იბერიას“ არანაირი პრობლემა არ აქვს. როგორც მე ვიცი, მის მფლობელს კონკრეტულ ბიზნესში ბიუჯეტის მიმართ აქვს დიდი დავალიანება. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზია ბიზნესზე ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, ის რაც კანონი გავალდებულებს, არ მგონია სწორი მიდგომა”, – განაცხადა კახი კალაძემ.
ტელეკომპანია „იბერიას“ დღეს სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვეტილი ჰქონდა.
გუშინ „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.
ამასთან, 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.