კახა კალაძე - სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია
კახა კალაძე - სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია

იგივე მდგომარეობა და ვითარება იყო, როცა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. დღესაც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პარტიები, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა იმისა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელია ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს და ქვეყნის განვითარებას.

„ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგივე მდგომარეობა და ვითარება იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერებოდა ხელი და დღესაც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პარტიები, ისეთი პოლიტიკოსები, რომელიც დადიან და აქვთ მცდელობა იმისა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, ეს არის „ლელო“ და ეს არის გვარამია, კონკრეტული სახელებით და გვარებით ვამბობ. ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, ჩვენი უცხოელი მეგობრები ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გვესაუბრებიან. ალბათ ქალბატონი სამნიძეც დაასახელებს და დაადასტურებს, ვინ არიან ეს ადამიანები, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, რომელია ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას. შენ შეიძლება, იყო დღეს ოპოზიციაში და რაღაცაში არ ეთანხმებოდე ხელისუფლებას, გქონდეს პოლემიკა, განსხვავებული აზრი, მაგრამ როდესაც საუბარია ევროპულ მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე და შენ ყველაფერ ამას ეწინააღმდეგები, ხელს უშლი, ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და მავნებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.