კახა კალაძე - საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორ დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ საუბედურო წარსულიდან ვერ გამოვიდა
კახა კალაძე - საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორ დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ საუბედურო წარსულიდან ვერ გამოვიდა

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გამოვიდა იმ საუბედურო წარსულიდან, სადაც ისინი ჩარჩენილები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ მსგავსი შემთხვევები ხდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

„სამწუხაროდ, კიდევ გვიწევს ამ ადამიანებთან შეხსენება, რომ დამთავრდა და აღარ არის ის ცხრაწლიანი პერიოდი. აღარ არის ის, რომ ხელის შეშლა მიმდინარეობდა კამპანიაში. პირადად მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რა ხდებოდა 2012 წელს კამპანიის დროს, როგორ დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ხალხს და კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“. ეს არის მიზანმიმართულად რაც კეთდება, მათი მხარდამჭერების მისვლა სხვა კანდიდატის კამპანიის დროს შეხვედრებზე, შეხვედრის ჩაშლის მცდელობა და ა.შ. მე მათ ვეტყვი, რომ ეს არ გამოუვათ და კიდევ მოვუწოდებ ყველას, რომ ყველა სუბიექტს უნდა მიეცეს უფლება, აწარმოოს ნორმალური საარჩევნო კამპანია. ეს ყველაფერი გადაეგზავნება სხვადასხვა საერთასორისო ორგანიზაციებს, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე. ისინი არიან წარსულში ჩარჩენილები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, დღეს ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეხვედრაზე პროვოკაციის მოწყობა სცადეს.