კახა კალაძე - საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებულ აფხაზეთში არ ყოფილან და თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ გაუკეთებია განცხადება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს.
„საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებულ აფხაზეთში არ ყოფილან, თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ არჩევნებს არ ცნობს. რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც რეალურად მუშაობს არჩევნების მიმართულებით, ასეთ ორგანიზაციებს არ გაუკეთებიათ არანაირი განცხადება ე.წ არჩევნებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.