კახა კალაძე - სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია, კორპუსის უსაფრთხოება შემოწმდება
კორპუსის სადარბაზოდან, სადაც ზემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, შემოწმდება, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში სამომავლოდ ცხოვრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც აფეთქების ადგილზე მივიდა.
„სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია მოსახლეობა. ისინი გადაყვანილი იქნებიან სხვადასხვა მისამართზე, რასაც გამგეობა და დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. ასევე შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ კორპუსში სამომავლო ცხოვრება. თუ დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი ამას ადგილობრივი მთავრობა აიღებს თავის თავზე. ვისაც დასჭირდება, ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აფეთქების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება.
„რამდენიმე სართულია დანგრეული. არიან დაშავებულები. ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნანგრევებში დედა-შვილის პოვნას ვერ გიდასტურებთ. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. არც ის ვიცი, აფეთქების დროს ისინი სახლში იმყოფებოდნენ თუ არა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.
ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ.