კახა კალაძე - საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს და ვიქნებით დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია
ჩვენი მიზანი და სწრაფვა, ეს არის იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი შეფასებით, აღნიშნული გზა რთულია, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.
„მგონი, ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი სწრაფვა და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია. მესმის რომ ძალიან რთულია ეს გზა, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალებით შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, იმ ბარიერების გადალახვას და საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს და ვიქნებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ზუსტად ამის შედეგია, რომ დღეს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საშუალება აქვთ.
„ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ვართ ევროპელები ჩვენი მსოფლმხედველობით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ისტორიით. ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან სწორედ ამიტომ ვართ საინტერესო ყველასთვის“, – განაცხადა კალაძემ და გამოსვლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვებით დაასრულა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
დღეს საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება.