დედაქალაქი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემთხვევაში, ქალაქი პრობლემის წინაშე არ დადგება.
„ქალაქი სატრანსპორტო პრობლემის წინაშე არ დადგება – რა კონკრეტული გეგმა გვაქვს, ამას ხვალ მთავრობის სხდომაზე გაიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მეტროს მატარებლების მემანქანეების ხელფასის გაზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„ყველას სამუშაოს პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლებ პასუხისმგებლობა აქვს და 700-800 ლარი აქვს ხელფასი. ამ ადამიანებს აქვთ ორჯერ თუ ორ-ნახევარჯერ მეტი ხელფასები. იმ სხვა ადამიანებმა რა დააშავეს, რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში არანაკლებ საპასუხისმგებლო სამუშაოს აწარმოებენ ყოველდღიურ რეჟიმში. იმ ადამიანებს რა უნდა ვუპასუხოთ მერე. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, იქნება ეკონომიკური შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ხელფასების მატება არა მხოლოდ მეტროს მიმართულებით, არამედ ყველა მიმართულებით, რომელიც პრობლემაა, აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროს მემანქანეების ნაწილმა განაცხადა, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას შედეგს ვერ მიაღწიეს.