კახა კალაძე - რადას დეპუტატებს მადლობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს ვიცე-პრემიერობის შესაძლებლობა, თუმცა მოგონილი თანამდებობაც სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში
რადას დეპუტატებს მადლობა გონიერებისთვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს ვიცე-პრემიერობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სკეპტიციზმს იწვევს ის, რაც სააკაშვილს უკრაინაში შესთავაზეს.
„თუმცა, რაც შესთავაზეს, ამოგონილი თანამდებობა, ესეც სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა სტრატეგიული ქვეყანაა, მასთან ურთიერთობები გვაკავშირებს და ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს. როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკრაინის წარმატებაც. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“,-აღნიშნა კალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
ამასთან, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიან,ა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი კითხვებს იწვევს.