კახა კალაძე - რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე
აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ოფიციალური გზავნილები წლების განავლობაში მხოლოდ პოზიტიური იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა მედიის კითხვაზე, რომელიც აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხებოდა. დოკუმენტს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.
კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მომდინარე პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ასევე არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ტარდებოდა, ყველა მიმართულებით არის პოზიტივი. ოფიციალური გზავნილები, რომლებსაც ჩვენ წლების განმვლობაში ვნახულობდით, იყო მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გაუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებს ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს.
„ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ვერ შელახავს. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.