კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და წარმატების რეალური ხედვა გააჩნია
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და წარმატების რეალური ხედვა გააჩნია

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც უპირველესი პრიორიტეტი ადამიანი და მასზე ზრუნვაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შუახევში ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მივესალმები შუახევის მკვიდრებს, ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ხალხს, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეში ცხოვრობენ და საკუთარი საქმიანობით, საკუთარი ყოველდღიური შრომით აძლიერებენ ამ კუთხეს, ამ რეგიონს და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც უპირველესი პრიორიტეტი ადამიანი და მასზე ზრუნვაა. ჩვენმა გუნდმა სახელმწიფო რეალურად ხალხის სამსახურში ჩააყენა და ყველა მიმართულებით გააუმჯობესა ვითარება. შუახევის შემთხვევაში მინდა გამოვყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამები, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი პროგრამა განახორციელა, რომელიც დღემდე გრძელდება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ გლეხს ხელი შევუწყოთ და სოფლები გავაძლიეროთ.

ამ და სხვა მიმართულებით გაკეთებული საქმეების მიუხედავად, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, არსებობს გამოწვევები, ქართული ოჯახები ჯერ კიდევ საკმარისად არ არიან წელში გამართულები, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპული ქვეყნებისას საკმაოდ ჩამორჩება. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური შრომა. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო წარმატებული, გვქონდეს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე იგრძნოს კეთილდღეობა“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელსაც ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და წარმატების რეალური ხედვა და რესურსი გააჩნია.

„ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მოგვარებადი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა. რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისთვის, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ჩვენ 31 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მჯერა, როგორც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ღირსეულად გამოვდიოდით, ღირსეულად ვპასუხობდით ყველა არჩევნებს, ახლაც ვიტყვით ჩვენს სიტყვას. დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ გავიმარჯვოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.