კახა კალაძე - პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი
პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
კალაძის თქმით, პატიმრები არიან ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და მათ მოუწევთ, პასუხი აგონ კანონის წინაშე.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირად არის აღჭურვილი ტექნიკური შესაძლებლობებით.
„მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს და იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები. დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ჩატარდეს მკურნალობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ აუცილებლობა იქნება, შესაბამისი სამსახური მზად არის, ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობას უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებითაც.
„ეს კადრები, პირველ რიგში, მოთხოვნილი იყო თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან და შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა“, – აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი მოშიმშილეების ჯანმრთელობაზე, თბილისის მერმა განაცხადა: „პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანები. არავის დაუვალებია მათთვის შიმშილობა და რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ გადაცდომის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„აქვთ შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი გადაცდომა იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, ყოველთვის დესტრუქცია შემოიტანოს ქვეყანაში, არეულობის მცდელობა და ა.შ. ეს ხომ პირველი და სიახლე არაა. ამას მიჩვეული და შეგუებული ვართ. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.