კახა კალაძე - ორიენტირებულნი ვართ, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ ოპონენტები ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, ეს მათ სამომავლოდ წაადგებათ
ორიენტირებულნი ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და თუ ოპონენტები ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, მათ ეს სამომავლოდ მხოლოდ და მხოლოდ წაადგებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მოსაზრების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტების მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები მძიმე მოსასმენია.
„ირაკლის პოსტი არ მინახავს, თუმცა რასაც ვისმენთ ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან, არის ძალიან მძიმე მოსასმენი. პირველი, რეალობას აცდენილები არიან აქაც, აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ. თუმცა, ვფიქრობ, ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ ვართ ორიენტირებულნი და კონცენტრირებულნი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და თუ ისინი ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ სამომავლოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პანდემიის დროს პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა.