კახა კალაძე - უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორეა „ევროპული საქართველო“
ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მეორეა „ევროპული საქართველო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ჩვენ „ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, რადგან კონსტრუქციულები არიან. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები. ამაზე ვისაუბრე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერია თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამდენი ბიბლიოთეკა განაგრძობს ფუნქციონირებას დღეს არსებული 36 დაწესებულებიდან, თუმცა ცნობილია, რომ თანამშრომლებს ქალაქის მთავრობა არსებული კადრების გადამზადებისა და ტესტირების შემდეგ შეარჩევს.