კახა კალაძე „მთავარის“ ჟურნალისტს - მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, როცა გეუბნებიან, არ ვიძლევი ინტერვიუს, უნდა გახვიდე და დაიცვათ ადამიანის უფლებები, მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს
მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, არასერიოზულად იქცევით. ბიჭი მიდიოდა უკან-უკან იღებდა, ბევრჯერ ყოფილა ჩემი თანდასწრებითაც ოპერატორები უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტებმაც უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები.
„როცა გეუბნებიან, გადი, არ ვიძლევი ინტერვიუს, უნდა გახვიდე და დაიცვათ ადამიანის უფლებები. მე თუ გეტყვით, არ მაქვს სურვილი, მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე. ძალადობას ამართლებთ თქვენ, მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე სიძულვილის ენით. თქვენ ხართ პირველები, ვინც სიძულვილის ენით აღვივებთ შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ“, – მიმართა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოაგდეს.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი გაკეთდა „ქართული ოცნების“ ოფისში.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპერატორსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა. მდინარაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურებზე დაეცა.