კახა კალაძე - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს
მისასალმებელია, როდესაც ასეთი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს.
„რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის და ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩართულობით, მაგრამ საქართველოში ოპოზიცია საბოტაჟით არის დაკავებული.
„ზოგადად, ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ამ ყველაფერში ჩართულია ოპოზიცია და ხელისუფლება, რადგან ეს ქვეყანა მარტო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არ არის. რა თქმა უნდა, არის ოპოზიციისაც, თუმცა ჩვენ გაუგონარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით. დაკავებულია იმით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს. აქ სიახლე არაფერია, ასე ხდებოდა წინა შემთხვევებშიც. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინ დარბოდნენ კაბინეტებში, რათა აღნიშნული შეთანხმების მიღწევა არ მომხდარიყო, იგივე იყო ვიზალიბერალიზაციის დროს და ეს გრძელდება მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსზეა საუბარი. ყველა რეფორმა და 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო მოცემული, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ჩართულობით იქნა განხორციელებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რომ ჯოზეფ ბორელი ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.
„მესმის ამ ადამიანების განცხადებების, თუმცა ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვუერთდებით სანქციებს და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იმისთვის, რომ მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში და ეს ყველაფერი ყველა მოქალაქემ იგრძნოს“, – აღნიშნა კალაძემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.