ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ესტუმრება
ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ესტუმრება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს მას, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.