კახა კალაძე - მივესალმები ტაქსის მძღოლების დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს
კახა კალაძე - მივესალმები ტაქსის მძღოლების დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს

თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება ტაქსის მძღოლების განცხადებას, რომლებმაც დღეს აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს.

„ტაქსის მძღოლების განცხადება მეც მოვისმინე და მივესალმები მათ დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია. ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, რეფორმის გადადება ვერ მოხდება, ეს შეუძლებელია. მძღოლებს ეს ავუხსენით. მათი მოთხოვნა ასევე არის მარჯვენასაჭიანი მანქანები დაშვებული იყოს „ბე“ კატეგორიაში. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, თბილისის მერიასთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ვალერი ქადაგიშვილმა და აღნიშნა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. აქედან გამომდინარე, ვართ მერიასთან მოლაპარაკებებში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს მუშა პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ“.