კახა კალაძე - მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მმართველ გუნდში სამინისტროების შემცირების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უახლოეს ორ დღეში ცნობილი იქნება, ვინ იქნებიან წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრებად.
„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება მიმდინარეობს. ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, უახლოეს ორ დღეში ცნობილი იქნება, თუ ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება. ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.