კახა კალაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთეს
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ის ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
კალაძე მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც, მისი თქმით, სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთეს.
„კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ? პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი, უმძიმესი იქნებოდა. შესაბამისად, მათ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სუს-ის ოფიციალური განცხადებით და განცხადებებით, რომლებიც ჩვენი მხრიდან გაკეთდა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი, ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და ყველას მოუწოდებენ, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.