კახა კალაძე - მიდგომა, ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, კატეგორიულად მიუღებელია, არ გამოვა
მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ასევე უნდა გაიზარდოს ინტერესი ამ ეტაპზე ნაკლებად განვითარებული სექტორებისა და ქვესექტორების მიმართ, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი აქვთ.
„როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. ეს საკმაოდ საინტერესოა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის დაკვეთით „დელოიტ საქართველომ“ განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავს თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, აქ არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი შეფასებით, კვლევა მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის.
„კვლევაში ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. აღნიშნული პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც სახეზეა, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის და არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით, შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად და მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამშენებლო სექტორიც და ბიზნესის უკვე გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც მერიის მიერ განისაზღვრა.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი.
თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორულ კვლევა კომპანია „დელოიტ საქართველომ“ (Deloitte) თბილისის მერიის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ასევე ფარმაცევტული და კრეატიული სექტორები.