კახა კალაძე - მერიის ფოტოზე ჩანს ტყუილებში ჩაღვენთილი მედიასაშუალებების ლოგოები, ვისაუბრებთ ფაქტებით, რათა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს
კახა კალაძე - მერიის ფოტოზე ჩანს ტყუილებში ჩაღვენთილი მედიასაშუალებების ლოგოები, ვისაუბრებთ ფაქტებით, რათა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს

თბილისის მერი კახა კალაძე დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერიის ახალ პროექტთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ფეიქ ნიუსებზე ფაქტებითა და არგუმენტებით ისაუბრებენ.

კითხვაზე, „რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ მერიისგან ქვეყნდება ფოტო, სადაც ჩანს სამი მედიასაშუალების ლოგო, რომელიც სისხლში დნება?“- კალაძემ უპასუხა, რომ ლოგოები არა სისხლში, არამედ ტყუილებში დნებიან.

„სისხლი სად ნახეთ? სისხლი არ არის, ჩემო კარგო, ტყუილებში დნებიან, დაღვენთილია ტყუილებში. რაც შეეხება ფეიქ ნიუსებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი მხრიდან უხეში სახით, უბრალოდ თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე, ჩვენი მხრიდან იქნება ფაქტებით და არგუმენტებით დასაბუთებული პასუხები, ყოველგვარი გადაჭარბებული სიტყვების გამოყენების გარეშე.

უბრალოდ, ვისაუბრებთ ფაქტებით, რომ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. გითხარით, სისხლი არაფერ შუაშია, ეს არის ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგიები. რაც შეეხება ინფორმაციებს და სიუჟეტებს, ძალიან ცუდია, როცა ასეთი სიუჟეტები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარებს და თქვენ ცდილობთ, არ გაუშვათ ან გაუშვათ მიჭრილ-მოჭრილი. საზოგადოება რომ არ შევიდეს შეცდომაში, კარგი იქნება, ყველა თქვენს მიერ გაჟღერებულ სიუჟეტზე იყოს არგუმენტები, რომ თავად გააკეთოს მოსახლეობამ ანალიზი“,- განაცხადა კალაძემ.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს და პირველი ვიდეოჩართვა მერმა დღეს, 22:00 საათისთვის დააანონსა.

კალაძის თქმით, საზოგადოებას მიაწვდიან „სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად მისი მისამართით ისმის“.

მერიის მიერ გამოქვენებულ ფოტოზე ნაჩვენებია სამი ტელევიზის– „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ლოგო.